გაერთიანების ეთიკის კოდექსი

1. ძირითადი სამოქმედო პრინციპი
.GE დომენის რეგისტრატორთა გაერთიანების (შემდგომში – „გაერთიანება“) წევრები მოქმედებენ კავკასუს ონლაინის მიერ დადგენილი „.GE დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის წესების“ საფუძველზე. აღნიშნული წესების უახლესი რედაქცია გამოქვეყნებულია კავკასუს ონლაინის ვებგვერდზე: .GE Rules

2. ანტიდისკრიმინაციული მიდგომა
გაერთიანების წევრი .GE დომენის აკრედიტებული რეგისტრატორები (შემდგომში – „რეგისტრატორი“ ან „რეგისტრატორები“), საკუთარი ბიზნეს პრაქტიკის ფარგლებში, მოქმედებენ მომხმარებლის სასარგებლოდ და მის ინტერესებში. რეგისტრატორები ვალდებულნი არიან იმოქმედონ მომხმარებლის ინტერესებში, მისი სოციალური სტატუსის, ეროვნების, კანის ფერის, პოლიტიკური თუ რელიგიური კუთვნილების მიუხედავად.

3. გულწრფელობა
რეგისტრატორები საკუთარ საქმიანობაში უნდა მოქმედებდნენ იმდაგვარად, რომ ხელი შეუწყონ და გაამყარონ ნდობა ყველა რეგისტრატორის მიმართ. ამისათვის, ყოველი რეგისტრატორი ვალდებულია მომხმარებელთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან (ე.წ. stakeholders) ურთიერთობისას გაავრცელოს მხოლოდ უტყუარი ინფორმაცია და არ მიაწოდოს ისეთი ინფორმაცია, რომლის სიზუსტეში მას ეჭვი ეპარება.

4. ეთიკური მარკეტინგი
რეგისტრატორები ვალდებულნი არიან საკუთარ საკომუნიკაციო აქტივობებში იმოქმედონ „ეთიკური მარკეტინგის“ პრინციპით, რაც გამორიცხავს: ფაქტების გაყალბებას, მცდარ დაპირებებს, შეცდომაში შემყვან ინფორმაციას, არაეთიკურ მეთოდებს და სხვა უპატიოსნო მიდგომებს რეკლამაში და მარკეტინგში. ასევე, რეგისტრატორები ვალდებულებას იღებენ საკუთარი მარკეტინგით ხელი შეუწყონ .GE დომენის დადებითი იმიჯის ფორმირებას და გამყარებას. რეგისტრატორები სხვა დომენური ზონების მარკეტინგისას თავს აარიდებენ ისეთ კომუნიკაციას, რომელიც ცალსახად დამაზიანებელი შეიძლება იყოს .GE დომენისთვის.

5. გამჭვირვალობა
რეგისტრატორებმა უნდა უზრუნველყონ საკუთარი სერვისის პირობებისა და ტარიფების გამჭვირვალობა და გასაგებობა მომხმარებლისთვის. .GE დომენთან ერთად, რამდენიმე სერვისის პაკეტად გაერთიანების შემთხვევაში მნიშვნელოვანია ყოველ სერვისს ჰქონდეს მისი ფასი და იგი იყოს მომხმარებლისთვის ცხადი და გასაგები. ასევე, დაუშვებელია მომხმარებლისგან დომენის მრავალწლიანი საფასურის მიღება და ამ გადახდის ასახვის გადავადება კავკასუს ონლაინის მხარეს.

წინამდებარე ეთიკის კოდექსის რომელიმე პუნქტის შეუსრულებლობა შესაძლოა გახდეს რეგისტრატორის მიერ გაერთიანების დატოვების საფუძველი.

ეთიკის კოდექსის ეს ვერსია დამტკიცდა გაერთიანების მიერ, 2023 წლის 23 დეკემბერს.